„რესპუბლიკური პარტია“ ლევან ბერძენიშვილმაც დატოვა
„რესპუბლიკური პარტია“ ლევან ბერძენიშვილმაც დატოვა

თამარ კორძაიას შემდეგ, „რესპუბლიკური პარტია“ ლევან ბერძენიშვილმაც დატოვა. ბერძენიშვილმა პარტიის დატოვების მიზეზად საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფში“ პარტიის წარმომადგენლის გაწევრიანება დაასახელა.

ლევან ბერძენიშვილს ფრაქციის არსებულ შემადგენლობაში ხათუნა სამნიძის გაერთიანება მიუღებლად მიაჩნია.

საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ 3 ივნისს შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელი ხათუნა სამნიძე იქნება. ფრაქციაში ასევე ერთიანდებიან „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი მეტი თავისუფლება“, „რესპუბლიკური პარტია“, დამოუკიდებელი დეპუტატები – გრიგოლ ვაშაძე და ტარიელ ნაკაიძე. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იქნება პაატა მანჯგალაძე, ხოლო ფრაქციის აპარატს უხელმძღვანელებს სერგო ჩიხლაძე.

ამასთან, „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა თამარ კორძაიამ. მისი განცხადებით, პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებს როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი.

თამარ კორძაიასა და ლევან ბერძენიშვილის მიერ პარტიის დატოვებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

„თამარ კორძაიამ, აგრეთვე ლევან ბერძენიშვილმა დაასახელეს პარტიიდან გასვლის საკუთარი მოტივი. ამ შემადგენლობით ფრაქციის შექმნას არ ვეთანხმებოდითო და უმცირესობაში აღმოვჩნდით პარტიაშიო. ანუ, უფრო ტექნიკურ საკითხს შეეხნენ. წარმატებებს ვუსურვებ ლევანს საზოგადოებრივ და თამარს პოლიტიკურ ასპარეზზე. მადლობა ორივეს რესპუბლიკურ პარტიაში გატარებული წლებისთვის. ჟურნალისტებს გაცნობებთ, რომ სხვა კომენტარს არ გავაკეთებ“, – წერს დავით ბერძენიშვილი.