რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, კლინიკა დღის განმავლობაში 11-მა პაციენტმა დატოვა. როგორც ლევან გოფოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათგან 10 პირი თვითიზოლაციაში რჩება, ერთი პირი კი, ბინაზე გაეწერა.
„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 33 პაციენტი. დღეს დილისთვის იყო 44 და დღის განმავლობაში კლინიკა დატოვა 11-მა პაციენტმა. აქედან ერთი ბინაზე გაეწერა, ყველანაირი ვადა გაუვდა დაკვირვების. დანარჩენი ათი თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც შემოწმდა მათი პირობები. დანარჩენი პაციენტები, რომლებიც ამჟამად არიან რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამ პაციენტის ანალიზს ველოდით, სამივე მათგანის პასუხი კორონავირუსზე არის ნეგატიური“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
ლევან გოფოძის ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ პირთაგან ამჯამად ტესტირება არც ერთს არ სჭირდება.
„იმ პაციენტებს შირის, რომლებიც ახლა არიან ჩვენთან, ტესტირება არ სჭირდება არც ერთს, ვნახოთ, შესაძლებელია, ვინმესგან სიმპტომები წამოვიდეს და ხვალ დილას გითხრათ, რომ სამ პაციენტს დამატებით გავუკეთეთ ტესტირება. ჩვენ მზად ვართ, ისეთი მძიმე პაციენტების მისაღებად, რომლებიც შესაძლებელია გაჩნდნენ თუ მოიმატებს მომართვიანობა მთელი რესპუბლიკის მასშტაბით“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.