რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც საკარანტინო სივრცე მოეწყო, ამ დროისთვის 18 პირი იმყოფება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) კლინიკურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
კლინიკაში განმარტავენ, რომ 18-დან 16 პაციენტი საქართველოს, ორი კი, აზერბაიჯანის მოქალაქეა. ამასთან, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 18 პირი. გუშინ 13 პაციენტს კიდევ ხუთი დაემატა. ყველას ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ტემპერატურული რეაქცია შეიძლება ითქვას, დაახლოებით 37 გრადუსამდე მხოლოდ ორ პაციენტს აღენიშნა, სხვა ყველას მდგომარეობა არის სრულიად დამაკმაყოფილებელი. არავინ დაგვმატებია, თუმცა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ მიიღო გადაწყვეტილება, პრევენციის მიზნით მაინც გაზარდოს საწოლ ფონდი და შევძლებთ მეტი პაციენტის მიღებასაც, ვიდრე ვვარაუდობდით. არ გვყავს არც ერთი ინფიცირებული პაციენტი, რადგან ყველა მოქალაქეს, რომელიც ჩვენთან იმყოფება, დადგენილი აქვს, რომ არ არიან კორონავირუსის მატარებელი, მაგრამ რადგან ამ დაავადების მართვა მოითხოვს კარანტინს, ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების გატარებას, ამიტომაც ისინი დარჩებიან ჩვენთან იმდენ ხანს, რამდენსაც ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური გადაწყვეტს“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
მისი თქმით, აღნიშნული პაციენტები თავდაპირველად ინფექციურ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც კვლევა ჩაუტარდათ და მათი ეპიდემიოლოგიური შეფასებაც მოხდა, გადაწყდა, რომ დაკვირვებას საჭიროებენ.
„ზუსტი ეპიდემიოლოგიური ანამნეზი უკეთ იცის ინფექციურმა საავადმყოფომ, მაგრამ როდესაც ჩვენ გადმოგვიგზავნეს მათი მასალები, მითითებული იყო, რომ კორონავირუსზე კვლევის უარყოფითი შედეგის მიუხედავად, ისინი არიან რისკჯგუფის პაციენტები, ამიტომაც საჭიროებენ დაკვირვებას. ჩვენთან არის ასევე აზერბაიჯანის ორი მოქალაქე, ერთმანეთის ნათესავები, რომლებიც აბსოლუტურად ჯანმრთელი არიან“, – აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი.
ამასთან, რაც შეეხება პაციენტებს, რომლებიც რესპუბლიკურ კლინიკაში მკურნალობდნენ, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის თქმით, ისინი სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სულ 65 პაციენტი. ექიმები კი, ამ ეტაპისთვის ადგილზე არიან.
„ვამბობდით, რომ შეგვეძლო, მიგვეღო 88 პაციენტი. ამჟამად არის 18 ადამიანი. დაახლოებით 70 პაციენტამდე შეგვიძლია, მივიღოთ, ეს იმ შემთხვევაში, თუ საკარანტინო ზონაში შემოვლენ არაინფიცირებული პაციენტები“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ რესპუბლიკური კლინიკა მზად არის, ეპიდსიტუაციის შეცვლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სამკურნალო კლინიკის სახით განაგრძოს მუშაობა.