რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ შვიდ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა, სამს ანალიზს დღეს ჩაუტარებენ
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ შვიდ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა, სამს ანალიზს დღეს ჩაუტარებენ

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 46 პაციენტი იმყოფება, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე მოქალაქეს, რომელთაც აღენიშნებოდათ კლინიკური ჩვენება, ახალ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, ყველა შემთხვევაში, პასუხი უარყოფითი იყო.

„დღეს კლინიკას დატოვებს ორი პაციენტი და ორივე მათგანი საკარანტინო სივრცეში გადავა. გუდაურიდან გადმოყვანილ პაციენტებს რაც შეეხება, მათ ახალ კორონავირუსზე ტესტი არ ჩატარებიათ, რადგან არ იყო შესაბამისი ჩვენება. გუშინ ჩაუტარდა მხოლოდ შვიდ ადამიანს, მათ, ვისაც აღენიშნებოდათ ცხელება, თუმცა ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია. დღეს კიდევ ჩაუტარდება ტესტი სამს. ვისაც უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა, ნაწილი დარჩება კლინიკაში, რადგან ცხელება აქვთ, ნაწილი კი, გადავლენ კარანტინში ან თვითიზოლაციაში“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისი თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს რესურსი, მიიღოს 120 პაციენტი, რეანიმაციითა და ინფექციური თერაპიის ადგილებით.