რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ხუთი პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ხუთი პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისათვის 48 პაციენტი იმყოფება. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის განცხადებით, ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე ინფორმაციით, ხუთი პაციენტის ანალიზები გადაგზავნილია და პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

როგორც ტაბიძემ აღნიშნა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება ხანდაზმული პაციენტი, რომელსაც მართალია არ უდასტურდება „კოვიდ-19“, თუმცა მისი მდგომარეობა გართულებულია. პაციენტს აღენიშნება ორმხრივი პნევმონია და იმყოფება მართვით სუნთქვაზე.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის იმყოფება 48 პაციენტი. პაციენტების საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტია, რომელიც იმყოფება მართვით სუნთქვის აპარატზე,თუმცა ამ შემთხვევაში არ არის „კოვიდ 19“ დადასტურებული. პაციენტი გადაცილებულია 80 წლის ასაკს და აქვს ორმხრივი პნევმონია. ამიტომ აქ მდგომარეობა ცოტა უფრო გართულებულია. გაგზავნილი გვაქვს რამდენიმე პიროვნებაზე ნიმუშები, ველოდებით პასუხებს და ვფიქრობთ, რომ იქაც არ დადასტურდება. ველოდებით ხუთი პაციენტის პასუხს, რომელიც დღის ბოლოს ცნობილი“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ასევე გააკეთა განმარტება მოსახლეობისთვის, რომ იმ შემთხვევაში, თუ ექნებათ ცხელება და სხვა სახის გამოვლინებები, რაც კორონავირუსს შეიძლება ახასიათებდეს, მიმართონ ოჯახის ექიმს და სწორედ ამის შემდეგ მოხდება პაციენტის გადანაწილება შესაბამის კლინიკაში.

„მზად ვართ, ყველა პაციენტი მივიღოთ, მაგრამ დადასტურებული შემთხვევები ამ მომენტისათვის არ გვაქვს. შემოვიდა ორი ახალი პაციენტი ამ წუთას, თუმცა ჯერ ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ტაბიძემ.

მისივე ინფორმაციით, მოხალისეთა ჯგუფში, რომელი კარანტინის რეჟიმში მყოფ მოქალაქეებს დახმარებას გაუწევს, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთნენ.

„არის მოხალისეების ჯგუფი. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 25 სტუდენტი ჩაება მოხალისეთა ჯგუფში. დღეს ისინი ტრენინგს გადიან და გუშინაც გაიარეს, შემდეგ გავლენ საველე სამუშაოს და ეს იქნება ის სასტუმროები, სადაც განთავსებული არიან ადამიანები, კარანტინის მდგომარეობაში და მოემსახურებიან მათ“, – აღნიშნა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა.