რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხვალისთვის ორი პაციენტის გამოჯანმრთელებაზე ელოდებიან ანალიზის პასუხებს
ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) სულ 29 პაციენტია მოთავსებული. მათგან ხუთი კოვიდინფიცირებულია.
ინფიცირებულთა ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათგან მხოლოდ ერთი პაციენტია მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებაში.
„მხოლოდ ერთი არის მართვის სუნთქვაზე. აქვს ორმაგი პნევმონია და საჭირო გახდა, გადაგვეყვანა მართვის სუნთქვაზე. ხვალისთვის ველოდებით ორი განმეორებითი ტესტის პასუხს და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კიდევ ორი პაციენტი დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ.
მისივე თქმით, ხვალ ასევე ელოდებიან ცხელების ცენტრში შესული ცხრა პაციენტის პირველადი კვლევის შედეგებს.