რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კარანტინში 16 ადამიანი იმყოფება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ განუცხადა.
„პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ არანაირი ბოქსირებული განყოფილებები ცალკე არ კეთდება. ჩვენ გვაქვს ერთიანი, მთლიანი სისტემა, სადაც არის საკარანტინო პროტოკოლით გათვალისწინებული წესები და ჩვენს კლინიკაში განთავსებულ პაციენტებს არც ერთს არ აქვს დადასტურებული ეს შემთხვევა. ისინი იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ. აქედან გამომდინარე, როგორც ასეთი, ბოქსირებულ პოზიციებს ისინი არ საჭიროებენ. რაც შეეხება რაოდენობას, დილით იყო 13, ახლა დაემატა სამი პაციენტი. ამჟამად არის 16 და ორი პაციენტის მოლოდინში ვართ. რეალურად ჩვენ გვეყოლება 18 პაციენტი. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დიდ მატებას არ აქვს ადგილი, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და თუკი ეს კლინიკური მოვლენები გამოვლინდება, აუცილებელია, რომ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას“, – აღნიშნა დევი ტაბიძემ.
მისივე განმარტებით, კარანტინი არის პრევენციული ღონისძიება.
„ამით ვიცავთ მოსახლეობის მდგომარეობას. ვიცავთ, ასევე დაავადების გავრცელების რეალურ საშიშროებას, მაგრამ მაინც მინდა, აღვნიშნო, რომ მთელ მსოფლიოში, 54 ქვეყანაშია გავრცელებული, ჩვენც ვართ გარკვეული რისკის ქვეშ, რამდენადაც ხშირი მიმოსვლაა ჩინეთთან, იტალიასთან, ირანთან. ახლა მიმოსვლა შეჩერებულია და მოვუწოდებ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ამ ქვეყნებში მოგზაურობისგან. რეალურად ყველა ის შემთხვევა, რომელიც დღეს დაფიქსირებულია, სამი შემთხვევაა, მატება არ გვაქვს და იმედია, ამ სტატუსკვოს შევინარჩუნებთ. თუ რომელიმე მათგანს დაუდასტურდება კორონავირუსი, ისინი ჩვენთან არ განაგრძობენ მკურნალობას. ჩვენთან უბრალოდ არის ორკვირიანი საკარანტინო პერიოდი, რომელიც დაადასტურებს მათ არსებობას. ვიზიტის პირველივე წუთს ხდება სისხლის აღება, შემდეგ ამის გაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში, დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში მოდის პასუხი, ძირითადად, უარყოფითი. ამის შემდეგ უკვე იწყება ორკვირიანი დაკვირვების პერიოდი, რის შემდეგაც მათ გავუშვებთ. მესმის, რომ დისკომფორტია ორი კვირის განმავლობაში საკარანტინო ზონაში ყოფნა, თუმცა ეს აუცილებელია“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ.