რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გობროძის განცხადებით, გუშინ ღამით კლინიკაში დაკვირვების მიზნით, 13 პაციენტი შეიყვანეს.
ლევან გობროძის თქმით, მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ აღენიშნებათ.
ლევან გობროძის განმარტებით, 13-დან მხოლოდ ოთხს დაუფიქსირდა დაბალი ტემპერატურა და ყველა მათგანის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
„გუშინ ღამე კლინიკაში შემოყვანილი იქნა 13 პაციენტი, რომლებსაც არ აღენიშნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მკვეთრად გამოხატული სიმპტომები. ეს პაციენტები კლინიკაში გადმოყვანილნი არიან დაკვირვების მიზნით, მათგან უმეტესობას არც ტემპერატურა არც სხვა რამე სიმპტომი არ აღენიშნება, მაგრამ კარანტინის წესები მოითხოვს იმას, რომ პაციენტები იყვნენ მაინც იზოლირებულები და დაკვირვების ქვეშ. ამიტომაც ეს პაციენტები იქნენ ჩვენს კლინიკაში შემოყვანილები. ღამის განმავლობაში მათი მდგომარეობა იყო სტაბილური, მხოლოდ 13-დან ოთხს აღენიშნა ტემპერატურა 37 და 37,2- ის ფარგლებში, სხვა კორონავისრუსისთვის დამახასიათებელი გამოხატული სიმპტომები მათ არ აქვთ“ ,- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა.
ლევან გობროძე ამბობს, რომ დღეს გადაწყდება, რამდენი პაციენტი დატოვებს რესპუბლიკურ საავადმყოფოს.
„დღეს თითოეულ მათგანს ჩაუტარდება ინფექციონისტის კონსულტაცია, ქალბატონი მარინა ეზუგბაია მოვა ჩვენთან და გადავწყვეტ, რამდენს გავუშვებთ და რამდენს დავტოვებთ. ეს პაციენტები რამდენიმე დღე იმყოფებოდნენ ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ. უბრალოდ ვინაიდან იქ მოიმატა დასაკვირვებელ პაციენტთა რაოდენობამ, ყველაზე მსუბუქი პაციენტები დაკვირვების მიზნით გადმოყავანილი იქნენ ჩვენს კლინიკაში. საკარანტინო ზომები კლინიკაში მიღებულია. თქვენ ხედავთ, რომ პერიმეტრი ჩაკეტილია. საკარანტინო ზონები გამოყოფილია და მთლიანად იზოლირებულია ერთმანეთისაგან, რასაც მოითხოვს კარანტინის ზომები“ ,- განაცხადა ლევან გობროძემ.
კითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილია ქალაქის ცენტრში საკარანტინო ზონა, მან უპასუხა, რომ საკარანტინო ზონის მოწყობასთან დაკავშირებით რისკები არ არსებობს.
„კორონავირუსის გადაცემის გზა არის მხოლოდ წვეთოვანი. საკმარისია ერთ მეტრზე მეტი დისტანცია ადამიანთან და უკვე გადაცემა არ ხდება. ქალაქ გარეთ ამ ხალხის იზოლირების საჭიროება არ არის. ჩინელებმა ამის უკვე ისეთი გამოცდილება დააგროვეს და ისე იმუშავეს ამასთან დაკავშირებით, პრობლემას ეს არ ქმნის. სამაგიეროდ, უფრო მეტად კომფორტულია პაციენტების პატრონებისთვის, ვინც გარედან გულშემატკივრობს ჩვენს პაციენტებს. ეს არანაირ სირთულეს არ შექმნის. პალატებშიც კი საწოლებ შორის დაცილება ერთ მეტრზე მეტი თუ არის, ერთმანეთზე გადაცემის ვარიანტიც კი შემცირებულია. უბრალოდ, უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ უმნიშვნელოვანესია ხელების დაბანა, ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით და ხელების დამუშავება. ჩვენი კლინიკა ამჟამად აღჭურვილია ყველა დამცავი საშუალებით. მედპერსონალსაც არ ევალება რაღაც სპეციალური დამცავი საშუალებების ჩაცმა. ერთადერთი, როცა პაციენტები შემოდიან, იმას, ვინც გამოკითხვას ატარებს, აცვია შესაბამისი დამცავი საშუალება, დანარჩენი მედპერსონალი ერთჯერადი ხალათებით, ნიღბებითა და ხელთათმანებით არიან“ ,- განაცხადა ლევან გობროძემ.
ლევან გობროძის განმარტებით, არ არსებობს არავითარი საფრთხე იმისა, რომ იზოლირებული სივრციდან ინფექციის გავრცელება მოხდება.
„რესპუბლიკური საავადმყოფოდან გუშინ გაყვანილი იქნა ყველა პაციენტი, დარჩენილია ექვსი პაციენტი, რომელიც სრულიად იზოლირებულია ამ სივრციდან. დღეს ისინიც დატოვებენ კლინიკას, არანაირი საფრთხე, რომ იზოლირებული სივრციდან გადავა ინფექცია, არ არსებობს. კლინიკაში მხოლოდ ის ნაოპერაციები პაციენტები არიან დარჩენილი, რომლებიც უშუალოდ ექიმების მეთვალყურეობას საჭიროებენ. დღესვე კლინიკა მთლიანად გათავისუფლდება და გადავა სრულიად საგანგებო რეჟიმზე“ ,- განაცხადა ლევან გობროძემ.
ამასთან, ლევან გობროძის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს 88 პაციენტის მიღება შეუძლია.
„ჩვენ მუდმივად მზად ვართ პაციენტების მისაღებად. რაც შეეხება ტესტირებებს, როგორც კი იქნება საჭიროება, ინფექციონისტები მოვლენ და აქ ჩატარდება პაციენტების სრული ტესტირება. რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს თავსი საკმაოდ მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია. თუ რაიმე სხვა ანალიზი, ტესტები იქნება საჭირო, მზად ვართ, ჩავუტაროთ ყველა გამოკვლევა“ ,- განაცხადა ლევან გობროძემ.
ლევან გობროძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კორონავირუსზე მძიმე მიმდინარეობის ვირუსები გადაუტანია, მათ შორის ე.წ. ღორის გრიპი.
ლევან გობროძის თქმით, კორონავირუსი ბევრად ნაკლებად აგრესიული ვირუსია ადამიანის ორგანიზმისთვის, თუმცა ყურადღება სჭირდება.
„ეს ვირუსი ასეთი აგრესიულობით არ გამოირჩევა. ამ ვირუსის დამახასიათებელია უფრო სწრაფი გავრცელება, რადგან ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ აქვს გამოხატული ვირუსი, დაავადების სიმპტომები, უკვე გამავრცელებელია, თუ ატარებს კორონავირუსს. ამიტომაა სწორედ ასეთი უპრეცედენტო საკარანტინო ზომები საქართველოში. უბრალოდ გასათვალისწინებელია, რომ თანმხლები დაავადების მქონე პაციენტები, როგორებიც არიან მაღალი რისკის ჯგუფი, გულ სისხლძარღვთა სისტემა, შაქრიანი დიაბეტი, სასუნთქი გზების დაავადებები და აშ. ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ და როგორც კი გამოჩნდება გაციების სიმპტომები, ტემპერატურა, აუცილებალდ უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, რათა თავიდან ავიცილოთ ის გართულებები, რომლებიც ხდებიან შემდგომში ძირითადად გარდაცვალების მიზეზი“,- აღნიშნა ლევან გობროძემ.