რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინები გაფუჭდა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინები გაფუჭდა

არასწორია ინფორმაცია, თითქოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინები გაფუჭდა, – ამის შესახებ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ განაცხადა.

ჯავარა უგრეხელიძემ განმარტა, რომ მაცივარს, სადაც „ასტრაზენეკას“ 700-ზე მეტი დოზა ვაქცინა ინახებოდა, ტემპერატურასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა, რის გამოც პრეპარატები შესანახად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გაგზავნეს.

„სტანდარტი ასეთია, მაცივარში, რომელშიც ინახება ვაქცინები, ტემპერატურული რეჟიმის შემოწმება ხდება ორი ხერხით – ერთი ხერხი არის დღეში ორჯერ ტემპერატურული რეჟიმის დაფიქსირება და მეორე, გეგმურად, ორ კვირაში ერთხელ ამოღებული მონაცემი. როგორც კი დაფიქსირდა მცირე გადახრა ტემპერატურული რეჟიმიდან, ვაქცინები ამოღებული და გადატანილი იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შესანახად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და რეგულირების სააგენტოს საბოლოო დასკვნაა, რომ ამ ვაქცინებს პრობლემა არ შექმნია და შეიძლება გამოყენება. საუბარია დაახლოებით 700-ზე მეტ დოზაზე“, – განაცხადა ჯავარა უგრეხელიძემ.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ კლინიკაში ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის შესვლის მიზეზებზეც ისაუბრა და თქვა, რომ უწყებამ კლინიკიდან წაიღო ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ვაქცინის მოთხოვნას, განადგურებულ დოზებს და აცრილი ადამიანების რაოდენობას ეხება.

„აუდიტის სამსახური შემოსულია რესპუბლიკურ საავადმყოფოში, წაიღო ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ეხება ვაქცინის მოთხოვნას, განადგურებულ დოზებს და აცრილი ადამიანების რაოდენობას“, – განმარტა ჯავარა უგრეხელიძემ.

ვაქცინაციის პროცესით ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ცნობილი გახდა, რომ „ასტრაზენეკას“ შეზღუდული მარაგების გამო, კლინიკებში ვაქცინაციის პროცესი შეფერხდა.