რესპუბლიკურ საავადმყოფოში 44 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, საიდანაც ერთის მდგომარეობა მძიმეა
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 44 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, საიდანაც ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ პაციენტს თანხმლები დაავადებებიც აღენიშნება.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის 62 პაციენტი, აქედან 44 – კოვიდინფიცირებული. რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 20 პაციენტი, მათ შორის ერთი არის მძიმე. აქ ასაკობრივი ფაქტორიც არის და პლუს ის თანმხლები დაავადებები, რომელიც ამძიმებს ამ პაციენტის საერთო მდგომარეობას, მაგრამ სასიკეთოდ უნდა ითქვას, რომ ის არ იმყოფება ხელოვნური მართვის სუნთქვის აპარატზე და არის მხოლოდ ჟანგბადდამოკიდებული“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.
ამასთან, მისი თქმით, კლინიკამ გამოკვლეულ პირთა პასუხები მიიღო და ახალი კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
„ჩვენ მივიღეთ წინა დღის გატესტილი პაციენტების პასუხები და არც ერთი დადებითი პასუხი არ მოსულა. დღეისთვის ვგეგმავთ დაახლოებით 14-15 პაციენტის გატესტვას, პასუხები საღამოს იქნება. საერთო ჯამში 87 კოვიდდადებითი პაციენტი გვყავს საავადმყოფოში გატარებული და აქედან 35 არის გამოჯანმრთელებული“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ.