რესპუბლიკურ საავადმყოფოში 39 ინფიცირებული პაციენტია, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა
რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღები გადაუდებელი დეპარტამენტის უფროსი თეა თავართქილაძე აცხადებს, რომ კლინიკაში 64 პაციენტია, მათგან 39 კორონავირუსით არის ინფიცირებული.
როგორც თეა თავართქილაძემ აღნიშნა, გუშინ კვლევისთვის გაიგზავნა 45 ანალიზი და ყველა მათგანის პასუხი იყო უარყოფითი.
„ერთი პაციენტი გუშინ გაეწერა კლინიკიდან და გადავიდა თვითიზოლაციაში. დღეისათვის არის 39 ინფიცირებული, გვყავს ასევე ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომელიც სავარაუდოდ ხვალ დატოვებს კლინიკას. გუშინ გაგზავნილი იყო 45 ტესტი, აქედან 23 იყო თანამშრომელი, ძირითადად რეანიმაციის თანამშრომლები. დანარჩენი იყო პაციენტების ტესტები, პაციენტები იყვნენ როგორც საკარანტინო ზონებიდან, ასევე კლინიკიდან და ყველა მათგანის პასუხი იყო უარყოფითი. 39 პაციენტიდან ყველა იმყოფება სპონტანურ სუნთქვაზე, ორი პაციენტის მდგომარეობა, რომლებსაც აქვთ თანმხლები დაავადებები, არის შედარებით მძიმე და საყურადღებო. 39 პაციენტიდან რამდენიმეს აქვს ორმხრივი პნევმონია, ყველას მდგომარეობა არის სტაბილური, ველოდებით იმ კვირაში რამდენიმე გამოჯანმრთელებულ პაციენტს“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.