რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს სამ გამოჯანმრთელებულ პაციენტს გაწერენ. ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, შედეგად რესპუბლიკური საავადმყოფოში 31 ინფიცირებული პაციენტი დარჩება, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
გოფოძის თქმით, კლინიკაში „კოვიდ 19“-ზე 10 საეჭვო პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან.
„ახალი პაციენტი არ გვყავს. გუშინ ჩვენთან გადმოიყვანეს პაციენტი, მაგრამ მას უკვე დადგენილი ჰქონდა კოვიდინფექცია. დიალიზი სჭირდებოდა და ჩვენს კლინიკას აქვს დიალიზის საშუალება. დღეს სამ პაციენტს გავუშვებთ. ექვს პაციენტს უტარდება განმეორებითი ტესტირება.
გვყავს ისევ კრიტიკულად მძიმე პაციენტი, რომელიც მართვით სუნთქვაზეა, მრავლობითი თანმხლები დაავადებით, გულის უკმარისობით. აქ იყო დისტრეს სინდრომი და ნელ-ნელა გამოდის პაციენტი დისტრეს სინდრომიდან. თუმცა რჩება სხვა მძიმე დაავადებები, მათ შორის, გამოიყოფა ინსულტის ნიშნებიც. სათანადო კვლევებით, შედარებით დასტაბილურდა პაციენტი, მაგრამ ჯერ პროგნოზის გაკეთება მასთან დაკავშირებით ძალიან რთულია. დანარჩენ პაციენტებს რაც შეეხება, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“ ,- განაცხადა გოფოძემ.