რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს, კლინიკას ორი დღეა, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი არ მიუღია
ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას (რესპუბლიკური საავადმყოფო) ბოლო ორი დღეა, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია. დღეს საავადმყოფოდან ერთ გამოჯანმრთელებულს გაწერენ. ასევე, რეტესტირების რეჟიმში იმყოფება კიდევ ექვსი პაციენტი.
რაც შეეხება კოვიდდადასტურებულ პაციენტებს, ჯამში კლინიკაში მკურნალობს 43 პაციენტი. მათგან ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე.
კლინიკის დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, აღნიშნული პაციენტი არის ხანდაზმული, თანდართული დაავადებებით და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, თუმცა, მისივე თქმით, შეინიშნება სტაბილიზაცია.
საავადმყოფოში ასევე იმყოფება 10-მდე საეჭვო პაციენტი. კლინიკაში მათი კვლევის შედეგებს ელოდებიან.
„ბოლო ორი დღეა, კლინიკაში კოვიდინფიცირებულები აღარ მიგვიღია. ბოლო ვინც მივიღეთ, ისინი იყვნენ ბოლნისის კლასტერიდან. ერთი მძიმე პაციენტი გვყავს. ეს არის პაციენტი დისტრესსინდრომით, ორმხრივი პნევმონიით. მართვით სუნთქვაზეა, ასაკოვანი პაციენტია. ბოლო ორი დღეა, სტაბილიზაციის ნიშნები იკვეთება. გვყავს პნევმონიით რამდენიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რენდგენოლოგიურად მათთან პნევმონიის გაუმჯობესებაა“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.