ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი გადასცა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, აპარატები არის თანამედროვე და პაციენტის მდგომარეობის გართულების შემთხვევაში, რესპუბლიკურ საავადმყოფოს შეუძლია, უზრუნველყოს სათანადო მკურნალობა.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხელოვნური სუნთქვის აპარატები, რომელიც დღეს გადაეცა რესპუბლიკურ საავადმყოფოს. ჩვენ უზრუნველვყავით რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის ხელოვნური 30 სუნთქვის აპარატი. ამ ეტაპისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოს გააჩნია ხელოვნური სუნთქვის 50 აპარატი და ამით ჩვენ შეგვიძლია ამ საავადმყოფოში უზრუნველყოთ პაციენტის მდგომარეობის გართულების შემთხვევაში სათანადო პირობები. ეს 30 აპარატი არის მხოლოდ რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, დამატებით ჩვენ მიერ კერძო სექტორში მოძიებულია 500-მდე სუნთქვის აპარატი, რომელიც ასევე საჭიროების შემთხვევაში ეტაპობრივად იქნება გამოყენებული პაციენტების მომსახურებისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ასევე იგეგმება ეკმოს აპარატების შემოტანა, რისთვისაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
„ეკმოს აპარატის შემოტანა იგეგმება ასევე ხვალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გვექნება დამატებითი ეკმოს აპარატი. ამ აპარატების შემოტანა მოხდა გეგმურად“, – განაცხადა ტიკარაძემ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, 2007 წლის შემდეგ ასეთი განახლება საავადმყოფოში არ ყოფილა. როგორც ლევან გოფოძემ აღნიშნა, ეს დაგეგმილი იყო, თუმცა კორონავირუსმა მოვლენები დააჩქარა.
„უნდა ითქვას, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2007 წლის შემდეგ ასეთი განახლება ტექნიკის არ ყოფილა, ეს არის პირველი ახალი ტექნიკის შემოტანის. ეს დაგეგმილი იყო უბრალოდ კორონავირუსმა დააჩქარა ეს მოვლენები. ძალიან მაღალი დონის აპარატურა მივიღეთ, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის იქნება და ბევრ სასიკეთო ჩვენებებს მოგვცემს. ეს არის პრევენციული ღონისძიება ასე ვთქვათ იმისთვის, თუკი მოხდება ეპიდემიოლოგიური აფეთქება, ანუ ზრდა. როგორც არაერთხელ გვითქვამს, მოგეხსენებათ ძირითადად მსუბუქი ფორმით მიდის ეს დაავადება, თუმცა არიან მძიმე ფორმით და საშუალოდ მძიმე პაციენტები, რომელთაგან უმრავლესობას შეიძლება დასჭირდეს მართვითი სუნთქვა. ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ასეთი პაციენტები გაჩნდებიან მათზე ზრუნვის დაწყება არასწორია, ამიტომაც პრევენციულად ჩვენ მზად ვართ ყველანაირი შესაძლო მძიმე გართულებისთვის“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა.