რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით „ქალთა მოძრაობის მარში“ იმართება
რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით „ქალთა მოძრაობის მარში“ იმართება

თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით „ქალთა მოძრაობის მარში“ იმართება. რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ „ქალთა მოძრაობის“ წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უფლებადამცველები და რიგითი მოქალაქეები.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მათი თქმით, კანონპროექტის კანონად მიღება თუ მოხდება, ეს დააზიანებს და შეზღუდავს ქალთა უფლებებს, რადგან მომავალში მიზნად ისახავს დასავლური ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლას.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ იურისტის, ცირა ჯგერენაიას განცხადებით, ამ კანონპროექტით წყდება ქვეყნის მომავალი.

„ჩვენი შეკრების მთავარი მიზეზი არის, რომ ყველამ ერთად ვუთხრათ „არა რუსულ კანონს“. ამიტომ, ყველა ქალს, და არა მარტო ქალს, მოვუწოდებ, რომ შემოგვიერთდით, რათა ერთად გავაპროტესტოთ რუსული კანონი. ეს ქვეყანა ჩვენი დასაცავია. ეს არ არის ირაკლი კობახიძის ქვეყანა, რომ ლანგრით მიართვას პუტინს. არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილების ქვეყანა და წყდება ჩვენი მომავალი“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ამასთან, როგორც აქციის მონაწილემ, თინათინ მაგრაქველიძემ აღნიშნა, მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებაა ევროპული ინტეგრაცია და მოუწოდა მოქალაქეებს, მარშზე შეუერთდნენ.

„დღეს ჩვენ ქალები ვაპროტესტებთ რუსულ კანონს. ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა ევროპული ინტეგრაცია. აქედან გამომდინარე, ყველას მოგიწოდებთ, შემოგვიერთდეთ მარშზე“, – აღნიშნა აქციის მონაწილემ.

ამასთან, როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, მსვლელობის შემდეგ პარლამენტთან „ქალთა მოძრაობის“ წევრები წაიკითხავენ მანიფესტს, სადაც, მათი თქმით, გაწერილი იქნება ის ზიანი, რომელსაც მიაყანებს აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცება საქართველოში ქალთა უფლებებს.

მათივე ინფორმაციით, აქციის პარალელურად, მსგავსი აქცია საქართველოს რეგიონებშიც იმართება.