რესპუბლიკის მოედანზე „შმაქსისტები“ აქციას მართავენ
რესპუბლიკის მოედანზე „შმაქსისტები“ აქციას მართავენ

საქართველოს პირველი რესპუბლიკის მოედანზე „შმაქსისტები“ საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც ამბობენ, პოლიციის მხრიდან „შმაქსისტების“ გაჩერება გახშირდა.

მათივე თქმით, უნდა გაუქმდეს „შმაქსისტებისთვის“ დაწერილი ჯარიმები, ასევე, ტაქსის რეფორმა.

„შმაქსის“ მოთხოვნები არის იგივე, რაც იყო წინა სამშაბათს. მას შემდეგ, უნდა ვაღიარო, პატრული ისე აღარ იქცევა, როგორც მანამდე იქცეოდა. წინა პერიოდისგან განსხვავებით, ჯარიმები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორ, სამჯერ იყო გამოწერილი, მაგრამ „შმაქსზე“ ნადირობა გრძელდება; დღეში ხუთჯერ და შვიდჯერ აჩერებენ თითოეულ „შმაქსისტს“ და უწყობენ გამოკითხვას ყოველ ჯერზე, რომ რაიმე ახალი გაიგონ. ცალკე ლექტორებს ეკითხებიან, ცალკე მოსწავლეებს და ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ „შმაქსი“ არის საგანმანათლებლო”, – აცხადებს პარტია „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.

მისივე განმარტებით, „შმაქსის“ საგანმანათლებლო პროექტი ამ ეტაპზე სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მოქმედებს.

ამასთან, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიასთან, რომ „შმაქსი“ მათ მფლობელობაში გადავიდეს.

„მოლაპარაკებები გვაქვს ამერიკულ კომპანიასათან, რომელიც უახლოეს დღეებში გახდება „შმაქსის“, როგორც საგანმანათლებლო პროექტის, მფლობელი და „შმაქსისტები“ გახდებიან ამერიკული კომპანიის თანამშრომლები“, – აღნიშნავს ჯაფარიძე.

„შმაქსისტები“, ასევე, ითხოვენ, „გირჩის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს, თბილისის მერ კახა კალაძესა და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს შორის ტელედებატები გაიმართოს.