რესპუბლიკის მოედანზე იწყება აქცია სლოგანით - „მოვდივარ!“

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია იწყება, სახელწოდებით – „მოვდივარ!“ სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული შეკრების მთავარი სლოგანი ასეთია – „არა ომს!“ „მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“.

ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი აქცია აპოლიტიკურია და პოლარიზაციასთან, ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარების რისკებთან და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან დაკავშირებით საზოგადოების წუხილს გამოხატავს. აქციის შემდეგ ორგანიზატორები, რეზიუმეს სახით, საზოგადოებრივი აზრის შესახებ წერილს მოამზადებენ.

„ის, რომ ვიღაცამ სადღაც შეიძლება, აქცია გააკეთოს, აქ რადიკალურ ნარატივს ვგულისხმობ, და ამით შემდეგ ეს მონათლონ სრულიად საქართველოს პოზიციად, სამარცხვინოა. აქედან გამომდინარე, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, დაეანონსებინა ეს აქცია, რაც ძალიან კარგია. შევიკრიბეთ, გავცვლით აზრებს, გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულობას, რადგან საქართველო ჩვენ გვეკუთვნის, მოსახლეობას“, – განაცხადა აქციის მონაწილემ  ზურა ქადაგიძემ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ხათუნა ხოფერიას განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების საკანონმდებლო ორგანოში გატანამდე უნდა ჩატარდეს პლებისციტი. მისივე თქმით, ეს საკითხი დღევანდელ აქციაზე გაჟღერდება.

„გვინდა, მოვითხოვოთ, რომ ვიდრე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გავა პარლამენტის განხილვაზე, იქამდე ხალხს, უბრალოდ, დავეკითხოთ, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა თქვას, უნდა ეს თუ არ უნდა. ასეთი საკითხი არის ძალიან ბევრი და ეს საკითხები, რაც პლებისციტმა უნდა გადაწყვიტოს, დღეს ამ შეხვედრაზე ნამდვილად გაჟღერდება. მთავარი, დღეს აქ გადაწყდება, რომ საქართველოში არასდროს აღარ იქნება ომი. საქართველოში იქნება მშვიდობა და ჩვენი შვილები, შვილიშვილები იცხოვრებენ მარადიულად ამ ღვთით დალოცვილ მიწაზე“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

აქციის ოფიციალური ნაწილი ჯერ არ დაწყებულა. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე 17:00 საათზე შეიკრიბნენ ხვიჩა კარაცხელიას თამაშის საგულშემატკივროდ. ნაპოლი – სალერნიტანას თამაშის დასრულების შემდეგ აქციის ოფიციალური ნაწილი დაიწყება.