რესპუბლიკის მოედანზე აქცია დასრულდა
რესპუბლიკის მოედანზე აქცია დასრულდა

რესპუბლიკის მოედანზე აქცია სახელწოდებით „მოვდივარ“ დასრულდა.

აქციის დასასრულს შეკრებილებს სიტყვით მიმართა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) და მათ მადლობა გადაუხადა.

გია გაჩეჩილაძის თქმით, მადლობას უხდის ყველა ადამიანს, ვინც დღეს მშვიდობას იცავს.

„რა დიდი ზეწოლის ქვეშაც არ უნდა ხდებოდეს მშვიდობის დაჭერა, და ვიცით, რა დიდი ზეწოლა ხორციელდება ადამიანებზე, მაინც მშვიდობაა და ამ მშვიდობით უნდა გავიაროთ ზუსტად იმ ოქროს შუალედზე, ვიდრე არ მივალთ ჭეშმარიტ თავისუფლებამდე. მინდა, გითხრათ ყველას, ვინც თუნდაც ტელევიზიებიდან გვადევნებს თვალყურს, შეხედეთ ამ ხალხს, ამ ადამიანებს და თავშიც აღარ გაივლოთ ამ ხალხის სახელით ლაპარაკი“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ და აქციის მონაწილეებს საკუთარი ახალი კლიპი წარუდგინა.

მანამდე სიტყვით გამოვიდნენ ზაზა პაპუაშვილი, რუსუდან შარაძე, ვატო შაქარიშვილი, ია მეტრეველი, დაჩი ცაგურია, ირაკლი გოგავა და აქციის სხვა მონაწილეები.

ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეებს ზაზა პაპუაშვილმა რეზიუმეს სახით წერილი გააცნო.