რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, თომას მასიმ წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლები წარადგინა
კენტუკის შტატის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, თომას მასიმ წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლები წარადგინა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, იმპიჩმენტის რეზოლუცია ძირითადად ირანის ომს ეხება, თუმცა მასში ასევე ნახსენებია ჰეგსეტის როლი იემენსა და ვენესუელაში სამხედრო ოპერაციების განხორციელებაში.
წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა შესაძლოა, კვირის შუა პერიოდში გაიმართოს.
იმპიჩმენტის მუხლების წარდგენისას მასიმ განაცხადა, რომ ჰეგსეტმა ირანის ომის დროს თავისი ქმედებებით თანამდებობრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა და „შეგნებულად შეასრულა და განახორციელა უკანონო ბრძანებები უცხო ქვეყნის წინააღმდეგ ომის დასაწყებად“.
„თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა თავისი ქმედებებით აჩვენა, რომ თანამდებობაზე დარჩენის შემთხვევაში კონსტიტუციისთვის საფრთხედ იქცევა. მისი მოქმედებები სრულიად შეუთავსებელია როგორც მის მოვალეობებთან, ისე კანონის უზენაესობის პრინციპთან“, – განაცხადა კონგრესმენმა.