რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორებმა იარაღის კონტროლის შესახებ ერთობლივი კანონპროექტი წარადგინეს
რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორებმა იარაღის კონტროლის შესახებ ერთობლივი კანონპროექტი წარადგინეს

აშშ-ში ორი მოწინააღმდეგე პარტიიდან სენატორები გაერთიანდნენ და ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომელიც ფედერალურ მოსამართლეებს საშუალებას მისცემს ძალადობისკენ მიდრეკილ ადამიანებს იარაღი ჩამოართვან.

„თუ ეს კანონი შედგება, ყველა შტატს მიეცემა შესაძლებლობა, მიმართოს ფედერალურ სასამართლოს ინფორმაციით, რომ ესა თუ ის პირი რისკის ქვეშაა და საშიშროებას წარმოადგენს“, – განაცხადეს რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა და დემოკრატმა რიჩარდ ბლუმენტალმა თავიანთი კანონპროექტის წარდგენისას.

მათივე თქმით, ოჯახის წევრებსა თუ ადგილობრივ ხელისუფლებებს შესაძლებლობა ექნებათ, მოითხოვონ 72-საათიანი შემაკავებელი ორდერი, რათა საფრთხის შემცველი პირისთვის იარაღის ჩამორთმევა შეძლონ. ამავდროულად, მათივე თქმით, სასამართლოში ამ აკრძალვის გასაჩივრება შესაძლებელი იქნება.