რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ მოქმედი პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს
რესპუბლიკელი სენატორი, დონალდ ტრამპის მოკავშირე ლინდსი გრემი აცხადებს, რომ კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებას მოქმედი პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შესაჩერებლად ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს.
„როგორც რესპუბლიკელი გეუბნებით, რომ მხარს არ ვუჭერ 25-ე შესწორების ამოქმედებას. ახლა, თუ კიდევ რამე მოხდება, ყველა ვარიანტი იქნება განხილული. თუმცა შუმერისა და პელსსისგან მხოლოდ პოლიტიკური საუბარი მესმის“, – განაცხადა ლინდსი გრემმა.
როგორც ლინდსი გრემმა აღნიშნა, 6 იანვარს კაპიტოლიუმში მომხდარმა მოვლენამ პრეზიდენტ ტრამპის მიღწევებს ლაქა დაასვა.
„რაც შეეხება გუშინდელს, ჩემმა მეგობარმა, პრეზიდენტმა შედეგებით დაუშვა, რომ გუშინდელი დღე მომხდარიყო. და ეს იქნება მისი პრეზიდენტობის დიდი ნაწილი. ეს იყო თვითდაზიანება. ეს ზედმეტად შორს წავიდა“, – აღნიშნა გრემმა.
სენატორის თქმით, როდესაც საქმე ეხება ანგარიშვალდებულებას, პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ მისი ქმედებები იყო პრობლემა და არა გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან.
ამასთან, გრემმა განაცხადა, რომ მას სჯერა, ყველაზე ცუდი უკვე წარსულშია და 20 იანვარს ხელისუფლების გადაბარება მოხდება.
ამავე დროს, ლინდსი გრემმა აღნიშნა, რომ ის არ ნანობს დონალდ ტრამპის მხარდაჭერას.
„მიზეზი, რის გამოც მე ვიყავი ახლოს პრეზიდენტთან, არის ის, რომ ვფიქრობ, მან ჩვენი ქვეყნისთვის შესანიშნავი საქმეები გააკეთა.
ეს იყო შესანიშნავი ოთხი წელი მოსამართლების დანიშვნის, საზღვრების უსაფრთხოების, ვაქცინის სწრაფად შემუშავების, ეკონომიკის დერეგულირების, გადასახადების შემცირების, ახლო აღმოსავლეთის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმებები, ხალიფატის განადგურების კუთხით“, – განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა.