რექს ტილერსონი - აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებამდე შეხვედრის ადგილი და ფარგლებია შესათანხმებელი
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკების გამართვამდე შეხვედრის ადგილი და ფარგლებია შესათანხმებელი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა.
„ჯერ საუბარი ნაადრევია, მხოლოდ საწყის ეტაპებს გავდივართ. ჩვენ ჯერ არაფერი გვსმენია პირდაპირ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან, თუმცა ველით მათ გამოჩენას, რაიმე მესიჯს უშუალოდ მათგან“, – ამის შესახებ ტილერსონმა ნიგერიის დედაქალაქში ვიზიტისას განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს არ დაუზუსტებია, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს თეთრი სახლი. ასევე, უარი თქვა შეხვედრის სავარაუდო ადგილის დასახელებაზე.
რექს ტილერსონი აფრიკული ტურნეს ფარგლებში ერთი კვირის განმავლობაში ხუთ ქვეყანას ეწვია.
ეს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება. მანამდე კი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მისი შეხვედრა მსოფლიოსთვის უდიდესი მიღწევა იქნება. მისივე თქმით, ეს შეხვედრა მსოფლიოს დიდ წარმატებას მოუტანს.
„შეთანხმება ჩრდილოეთ კორეასთან აუცილებლად შედგება, რაც მსოფლიოსთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება. დროს და ადგილს მალე დავთქვამთ“, – დაწერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Tweeter-ში.
8 მარტს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეთავაზებას პირისპირ შეხვედრასთან დაკავშირებით დათანხმდა. ორი თვით ადრე ფხენიანს პირისპირ შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა შესთავაზა.