„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - ავღანელი ჟურნალისტები დახმარებას ითხოვენ
100-ზე მეტმა ავღანელმა ჟურნალისტმა ანონიმურად მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას და დახმარება მოითხოვა, – ინფორმაციას ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ავრცელებს. მიმართვას ხელს აწერს ავღანური მედიის 103 თანამშრომელი, მათ შორის 20 ქალი, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ და ეთნიკურ წრეს წარმოადგენენ.
მიმართვის ავტორების უმეტესობა ავღანეთის პროვინციებში მუშაობს. როგორც ირკვევა, ზოგიერთი მათგანი იმალება, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჟურნალისტები საკუთარ ვინაობას არ ამხელენ, რადგან მოძრაობა „თალიბანის“ წევრების მხრიდან „რეპრესიების“ ეშინიათ.
მიმართვაში რეპორტიორები აცხადებენ, რომ ავღანეთში ჟურნალისტიკა და პლურალიზმი შესაძლოა, მალე გაქრეს.