„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ანგარიშის თანახმად, პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 89-ე ადგილს იკავებს
საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2022 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში მედია ლანდშაფტი გასულ წელთან შედარებით გაუარესებულია.
მოხსენების მიხედვით, საქართველოს 59.30 ქულა აქვს მინიჭებული და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილზეა. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2021 წლის ანგარიშში საქართველოს 71.36 ქულა ჰქონდა და 60-ე ადგილზე იყო.
მსოფლიო რეიტინგში პირველ ხუთეულში არიან ნორვეგია, დანია, შვედეთი, ესტონეთი და ფინეთი არიან, ბოლო ადგილებზე კი – ჩინეთი, მიანმარი, თურქმენეთი, ირანი, ერითრეა და ჩრდილოეთ კორეა .
საქართველოსთან დაკავშირებით ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ოფიციალური ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს; 2021 წელს ქვეყანაში ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის უპრეცედენტო რაოდენობა აღინიშნა. მოხსენების მიხედვით, მედია ლანდშაფტი მრავალფეროვანია და, ამავე დროს, ძლიერ პოლარიზებული, ტელევიზია არის ახალი ამბების მთავარი წყარო, მედიის მფლობელები კი ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო შინაარსს“.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეგიონული და სათემო რადიოსადგურები ძლიერდება, ბეჭდური მედიის მკითხველი იკლებს, ონლაინ ახალი ამბების აუდიტორია კი იზრდება.
ანგარიშის მიხედვით, „ქართულ საზოგადოებაში გარკვეულ საკითხებზე არის ძლიერი სოციალური დაძაბულობა, რაც გავლენას ახდენს ჟურნალისტურ გაშუქებაზე. თემები მოიცავს რელიგიას, ლგბტ უფლებებს და რუსეთის გავლენას“.
ორგანზიაცია ასევე საუბრობს 2021 წლის ივლისში ჟურნალისტებზე მომხდარ თავდასხმაზე და ამბობს, რომ „ეს იყო უპრეცედენტო უკუსვლა“.
საერთო ჯამში, მსოფლიო მედია გარემოს შესახებ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს მოხსენებაში ნათქვამია, რომ პოლარიზაცია ორჯერ არის გაზრდილი, რასაც ინფორმაციული ქაოსი აძლიერებს. მოხსენების თანახმად, მედიის პოლარიზაცია აძლიერებს განხეთქილებას ქვეყნებში, ისევე როგორც პოლარიზაციას ქვეყნებს შორის საერთაშორისო დონეზე.
ამასთან, როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ინდექსის შედგენისას გამოყენებულია ახალი მეთოდოლოგია, რის გამოც 2022 წლის რეიტინგებისა და ქულების 2021 წლის მონაცემებთან შედარებისას სიფრთხლეა საჭირო.
„აკადემიური და მედიის სექტორის შვიდი ექსპერტის კომიტეტთან მუშაობით, „რეპორტიორები საზღვრვრებს გარეშემ“ შეიმუშავა ახალი მეთოდოლოგია მსოფლიო პრესის თავისუფლების მე-20 ინდექსის შესაქმნელად. ახალი მეთოდოლოგია განსაზღვრავს პრესის თავისუფლებას, როგორც რეალურ შესაძლებლობას ჟურნალისტებისთვის, ასევე ცალკეული პირებისთვის, შეაგროვონ, აწარმოონ და გაავრცელონ ახალი ამბები და ინფორმაცია საზოგადოებრივი ინტერესების მიხედვით. ინდექსის შედგენისთვის ახლა გამოიყენება ხუთი ახალი ინდიკატორი: პოლიტიკური კონტექსტი, სამართლებრივი ჩარჩო, ეკონომიკური კონტექსტი, სოციო-კულტურული კონტექსტი და უსაფრთხოება. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ შერჩეულ ქვეყანებსა და ტერიტორიაზე ინდიკატორები შეფასებულია პრესის თავისუფლების დარღვევის, ჟურნალისტებისა და მედიის მიმართ ძალადობის რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის საფუძველზე, რომელიც დაფუძნებულია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ შერჩეული პრესის თავისუფლების ასობით ექსპერტის (ჟურნალისტები, მეცნიერები და უფლებადამცველები) 123 კითხვაზე. კითხვარი განახლდა ახალი გამოწვევების უკეთ გასათვალისწინებლად, მათ შორის არის მედიის გაციფრულებასთან დაკავშირებული გამოწვევები. ამ ახალი მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, სიფრთხილეა საჭირო 2022 წლის რეიტინგებისა და ქულების შედარებისას 2021 წლის რეიტინგებთან. წლევანდელი ინდექსის მონაცემების შეგროვება შეწყდა 2022 წლის იანვრის ბოლოს, მაგრამ განახლებები 2022 წლის იანვრიდან მარტამდე განხორციელდა იმ ქვეყნებისთვის, სადაც სიტუაცია მკვეთრად შეიცვალ“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.