რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნოით იუწყება, სატელეფონო საუბრისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებში მიღწეული „პოზიტიური იმპულსის“ შენარჩუნება ყველა მხარეს მოუტანს სარგებელს.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელმაც ისაუბრა ცეცხლის შეწყვეტის, ჰუმანიტარული დერეფნების ეფექტური მუშაობისა და უსაფრთხო ევაკუაციის განხორციელების მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს ქმედებებს, რათა შეაჩეროს მოვლენების ისეთი მიმდინარეობა, რომელიც აზიანებს ყველას და უზრუნველყოს ხანგრძლივი მშვიდობა“, – ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს კრემლშიც. რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ადასტურებს, რომ ქვეყნების ლიდერებს შორის საუბარი უკრაინის საკითხს შეეხო და დაამატა, რომ დეტალურ ინფორმაციას რუსული მხარე მოგვიანებით გააჟღერებს.