რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ელოდება, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში რუსეთ-თურქეთის ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრი რაც შეიძლება მალე ამოქმედდება.
როგორც სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ინფორმაციას პუტინისა და ერდოღანის სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლიც ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორივე მხარემ აღნიშნა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების თანმიმდევრული და სრული შესრულების აუცილებლობა.
პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების, კორონავირუსის პანდემიისა და სირიის კრიზისის საკითხები.