რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ისააკ ჰერცოგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, ამის შესახებ „ანადოლუ“ წერს. თურქეთის კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა გაცვალეს მოსაზრებები ისრაელსა და პალესტინაში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით და რეგიონში არსებული დაძაბულობის შესახებ.
„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს ღაზის მოსახლეობას ერთობლივად და განურჩევლად, კიდევ უფრო გაზრდის ტანჯვასა და ძალადობას რეგიონში“, – განუცხადა ერდოღანმა ჰერცოგს.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სიმშვიდის დამყარება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი რეგიონის კეთილდღეობისთვის.
„თურქეთის ძალისხმევა რეგიონში პრობლემური კონფლიქტების დასასრულებლად და ასევე გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად გაგრძელდება“, – განუცხადა ერდოღანმა ჰერცოგს.