რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მხარდამჭერებს მიმართა - არ დავუშვებთ, რომ თურქეთი გაიყოს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ათათურქის აეროპორტის ეროვნულ ბაღში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა, რომელსაც მილიონ 700 ათასი ადამიანი დაესწრო, – ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს.
ერდოღანმა ისაუბრა თურქეთის ქალაქ სტამბოლის მნიშვნელობის შესახებ და თქვა, რომ „სტამბოლი არის ქალაქი, რომელიც იტევს ყველას, მათი განსხვავებულობის მიუხედავად“.
სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ 81 პროვინციაში გახსნილი სკოლებით, უნივერსიტეტებით, საავადმყოფოებით, გზებით, გვირაბებით, ხიდებით, აეროპორტებთა და მატარებლის ხაზებით თურქეთის ხელისუფლებამ ერის ცხოვრების ხარისხი გაზარდა.
თურქეთის პრეზიდენტმა ისაუბრა მიწისძვრის შედეგად გაზრდილ პრობლემებზე და მოსახლეობას სტამბოლში ხუთი წლის განმავლობაში 1,5 მილიონი რისკის ქვეშ მყოფი შენობის სრულად განახლებას დაჰპირდა.
„ჩემი ერი აუცილებლად გასცემს პასუხს საარჩევნო ყუთების მეშვეობით. თურქეთი ამბობს, რომ გენდობათ თქვენ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს ქვეყანა გაიყოს, ჩვენ არ დავუშვებთ კილიჩდაროღლუს, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციებთან ტრიალებს და სამშობლოს გაყოფას ცდილობს. ჩვენ ეს გზა ერთად გავიარეთ და მე მჯერა თქვენი. მე თქვენი იმედი მაქვს“, – განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, დღეს თურქეთის ოპოზიციის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის, ქემალ კილიჩდაროღლუს წინასაარჩევნო შეხვედრაც გაიმართა.