რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან რუსეთ-უკრაინის ომი განიხილა
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან რუსეთ-უკრაინის ომი განიხილა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან რუსეთ-უკრაინის ომი განიხილა. ინფორმაციას თურქული მედია პრეზიდენტის კომუნიკაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრელებს.

მათივე ცნობით, ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტთან რუსეთ-უკრაინის ომთან და შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნის საკითხები განიხილა.

ერდოღანმა უკრაინელ კოლეგას განუცხადა, რომ მისი ყველაზე დიდი სურვილი უკრაინაში მშვიდობის დამყარებაა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბაზარზე უკრაინული მარცვლეულის გასატანად გრძელდება გაერო-ს მიერ წარმოდგენილ გეგმაზე მუშაობა.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გადაწყვეტა დიპლომატიის გზით უნდა მოხდეს და ამისთვის საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა. ერდოღანმა სტამბოლის პროცესის განახლებისთვის ყველანაირი მხარდაჭერის, მათ შორის ჩართულობის და შუამავლობის მზადყოფნა გამოთქვა.