რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები თურქეთში მიიწვია
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები პრობლემური საკითხების განსახილველად თურქეთში მიიწვია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, ანკარა მზადაა, უზრუნველყოს მოლაპარაკებების პლატფორმა ვლადიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შორის.
იბრაჰიმ კალინის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტი უახლოესი კვირების განმავლობაში უკრაინაში ჩავა და პარალელურად თურქეთის ხელისუფლება მჭიდრო კომუნიკაციაში იქნება რუსეთის მთავრობასთან, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სამხედრო მოქმედება, რომელსაც სერიოზული შედეგები მოჰყვება.
„არ არსებობს სწრაფი გადაწყვეტილებები ამ ტიპის დიდი, გრძელვადიანი გეოპოლიტიკური საკითხებისთვის, რადგან, დიახ, ეს ეხება უკრაინას. მაგრამ სხვა გაგებით, ეს არის ბევრად უფრო დიდი საკითხი, ბევრად უფრო დიდი რამ დევს აქ სასწორზე. თურქეთი ხელმისაწვდომია ნებისმიერი როლისთვის დაძაბულობის შესამცირებლად რუსეთსა და უკრაინას შორის. ჩვენ ამას ვაკეთებთ, როგორც თურქეთი, როგორც რუსეთის და უკრაინის მეგობარი ქვეყანა, მაგრამ ასევე როგორც ნატო-ს მოკავშირე“, – განაცხადა იბრაჰიმ კალინმა.