რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, გააანალიზონ რუსეთის ახალი ბირთვული დოქტრინის დეტალები
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, გააანალიზონ რუსეთის ახალი ბირთვული დოქტრინის დეტალები

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რიო დე ჟანეიროში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე, ნატო-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, გააანალიზონ რუსეთის ახალი ბირთვული დოქტრინის დეტალები.

„ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ომის დადებითი ასპექტი, რომელშიც გამოყენებულია ბირთვული იარაღი. ნატო-ს ოფიციალურმა პირებმა უნდა შეისწავლონ რუსეთის გადადგმული ნაბიჯი და განიხილონ ის“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწევენ.

„მინდა, რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას უკრაინასა და რუსეთს შორის და დავამყაროთ მშვიდობა, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გადადგამს „უფრო გაბედულ, წინდახედულ ნაბიჯებს მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე“.