რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ანკარასთან კავშირების გასავითარებლად
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები გაერთიანების წევრობის კანდიდატ ანკარასთან კავშირების გასავითარებლად.
„ჩვენ, როგორც თურქეთმა, გამოვავლინეთ ჩვენი პრინციპული დამოკიდებულება და ძალისხმევა დიალოგისა და დიპლომატიის სასარგებლოდ, პოზიტიური დღის წესრიგის განსახორციელებლად“, – განაცხადა ოთხშაბათს ერდოღანმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„ამიერიდან ევროკავშირი ჩვენ ქვეყანასთან ურთიერთობას სტრატეგიული პერსპექტივიდან უნდა მიუდგეს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. რამდენიმე წევრი-სახელმწიფოს წვრილმანმა გათვლებმა არ უნდა დაუშვას ევროკავშირის, ასევე ნატო-ევროკავშირის ურთიერთობების შესუსტება“, – დაამატა თურქმა ლიდერმა.
თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა 1999 წლიდან და მის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2005 წლიდან დაიწყო, მაგრამ ბოლო წლებში ეს მოლაპარაკებები „გაყინული“ იყო.