რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ჯო ბაიდენმა ვილნიუსში ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვილნიუსში ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
თურქეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბაიდენს სატელეფონო ზარისთვის მისი პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ და წარმატებები უსურვა 2024 წლის არჩევნებში.
„ბატონო პრეზიდენტო, ჩემო ძვირფასო მეგობარო, მინდა, ჩემი და ჩემი ერის სახელით მადლობა გადაგიხადოთ ჩემი პრეზიდენტად ხელახალი არჩევის შემდეგ თქვენი სატელეფონო ზარისთვის. ახლა პრეზიდენტის დონეზე კონსულტაციების დროა. დღეს მე მიმაჩნია, რომ ეს შეხვედრა პირველი ნაბიჯია ამისკენ. ჩვენ ვიწყებთ ახალ პროცესს და ეს ახალი პროცესი ხუთწლიანი ვადით არის ჩემთვის და თქვენც არჩევნები გაქვთ წინ, წინასწარ წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა ერდოღანმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ნატო-სადმი ერთგულებისთვის და შვედეთის გაწევრიანებაზე თანხმობისთვის.
„დიდი მადლობა, მოუთმენლად ველოდებით თქვენთან ერთად მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში თანამშრომლობას“, – აღნიშნა ბაიდენმა.