თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მის ისრაელელ კოლეგას, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტერორისტი უწოდა. მისი განცხადება იმ ურთიერთშეურაცხყოფის ნაწილია, რომელიც ასევე ერდოღანის განცხადებით დაიწყო, როცა მან ღაზის საზღვართან გამართული დემონსტრაციის წინააღმდეგ ისრაელის ლეტალური სამხედრო რეაქცია გააკრიტიკა.
ისრაელის მთავრობამ საკუთარი პოზიციები დაიცვა და პარასკევის სამხედრო ოპერაციისას 15 პალესტინელის მკვლელობაში თავი გაიმართლა. ნეთანიაჰუმ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „ისრაელის არმია დარიგებებს არ მიიღებს მათგან, ვინც უკვე წლებია მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ ტერიტორიებს ბომბავს“.
ისრაელის პრეზიდენტს ერდოღანმა უპასუხა, რომ მათგან განსხვავებით, თურქეთი არავის ქვეყანაში არ შეჭრილა.
„ჩვენ მხრებზე არსად შეჭრის სირცხვილი არ გვაწევს, ნეთანიაჰუ. შენ ხარ ოკუპანტი და სწორედ ახლა იმ მიწებზე იმყოფებით, როგორც ოკუპანტები. ამავდროულად, შენ ტერორისტი ხარ“, – ასე მიმართა მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ერდოღანმა ბენიამინ ნეთანიაჰუს.
კიდევ ერთ გამოსვლაში თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა.
„ცნობილია, რაც თქვენ ღაზაში ჩაიდინეთ, რაც გაუკეთეთ იერუსალიმს. თქვენ მსოფლიოში არავის მოსწონხართ“, – განაცხადა ერდოღანმა.
მოგვიანებით თურქეთის პრეზიდენტს ნეთანიაჰუმ Twitter-ზე უპასუხა.
„ერდოღანი არ არის მიჩვეული, როცა სიტყვას უბრუნებენ, მაგრამ დროა, ამას მიეჩვიოს. მას, ვინც ახდენს ჩრდილოეთ კვიპროსის ოკუპაციას, იჭრება ქურთულ ტერიტორიაზე და ხოცავს მოსახლეობას აფრინში, არ აქვს უფლება, ისაუბროს მორალსა და ღირებულებებზე“, – წერს ნეთანიაჰუ.