რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი რუსეთთან პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნებას აპირებს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი რუსეთთან პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნებას აპირებს.
„რუსეთთან ურთიერთობას პოზიტიური კუთხით განვაგრძობთ, რადგან საკითხი, რომელიც ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, არის ის, რომ ვზრუნავთ თრაკიის ბუნებრივი აირის კერად ყოფნაზე. ამჟამად ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთიდან ვყიდულობთ“, – განაცხადა ერდოღანმა თურქულ მედიასთან საუბრისას.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ბუნებრივი აირის კუთხით ევროპას სერიოზული პრობლემა აქვს, თუმცა მათ ამ მიმართულებით სირთულე არ შეჰქმნიათ. ერდოღანი ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით იმედოვნებს, რომ მსგავსი პრობლემა ქვეყანაში არ იქნება.
ამასთან, როგორც ერდოღანმა აღნიშნა, არასწორად მიაჩნია მსოფლიო ლიდერების მხრიდან პუტინის მიმართ ცუდი დამოკიდებულება.
„როგორც ლიდერებს, ასევე პრემიერ-მინისტრებს ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ პუტინის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს მსგავსი დამოკიდებულება. მე ეს არ მიმაჩნია სწორად, რადგან რუსეთი არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა. რუსეთს აქვს ადგილი მსოფლიოში როგორც მისი ფართობით, ასევე მისი პოზიციით. მარცვლეულის წარმოების კუთხით ამჟამად რუსეთი ერთ-ერთია მცირერიცხოვანი ქვეყნებიდან. ახლა ასეთი ქვეყნის იგნორირება არ შეიძლება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.