რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი და აშშ ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხზე შეთანხმდნენ
თურქეთი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, თურქულმა შეიარაღებულმა ძალებმა როგორ უნდა უზრუნველყონ ქალაქ ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოება მას შემდეგ, რაც აშშ-ის ჯარები სრულად დატოვებენ ავღანეთს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან დისკუსიებისას, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, თუ რა იქნება ამ მისიის მასშტაბი, რა შეიძლება იყოს მისაღები და რა – მიუღებელი“, – აღნიშნა ერდოღანმა.
მანამდე, ოფიციალურმა ანკარამ ვაშინგტონს შესთავაზა ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება მას შემდეგ, რაც აშშ-ის ძალები აგვისტოს ბოლოს ავღანეთს სრულად დატოვებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი ჯო ბაიდენსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გასულ თვეს, ნატო-ს სამიტის ფარგლებში შედგა.
თურქული მხარე ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირეებისგან ფინანსურ, პოლიტიკურ და ლოგისტიკურ დახმარებას ითხოვს. ამჟამად ავღანეთში 500 თურქი სამხედრო იმყოფება.