რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქვეყანაში საყოველთაო არჩევნები 14 მაისს გაიმართება
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქვეყანაში საყოველთაო არჩევნები 14 მაისს გაიმართება.
ერდოღანის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს დამანგრეველი მიწისძვრების შედეგების აღმოსაფხვრელად.
„6 თებერვლის მიწისძვრის კვალს რაც შეიძლება მალე წავშლით. ნანგრევებს გავიტანთ, ჭრილობებს ვუმკურნალებთ, დანგრეულ სახლებს კარგად აშენებულით შევცვლით, გულებს მოვიგებთ, ახალ მომავალს და ახალ ცხოვრებას ავაშენებთ ჩვენი ხალხისთვის. ეს ყველასთვის გასაგები იყოს, ეს ერი გააკეთებს იმას, რაც საჭიროა 14 მაისს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
გასული თვის მიწისძვრების შემდეგ თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები ვრცელდებოდა. დასავლური მედია წერს, რომ ერდოღანის პოპულარობა შემცირდა მზარდი საცხოვრებელი ხარჯებისა და ლირის ვარდნის გამო.
როგორც მედია წერს, მიწისძვრების შემდეგ თურქეთის მთავრობა დაგვიანებული რეაგირების გამო კრიტიკის ობიექტი გახდა.