რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ყირიმის ოკუპაციის დროს დუმდნენ ისინი, ვინც დღეს საუბრობს, ახლა ვაწყდებით იმ პროცესის დამანგრეველ შედეგებს, რომლის გადაჭრაც, ძლიერი ნების შემთხვევაში, დიპლომატიური გზებით შეიძლებოდა
უკრაინა და რუსეთი ჩვენი მეგობრები და მეზობლები არიან. ვწუხვართ, რომ ჩვენს მეზობლებს შორის კრიზისი ცხელ ომში გადაიზარდა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთს არ შეუძლია, გაამართლოს აგრესიის აქტი დამოუკიდებელი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ.
„თურქეთი არის როგორც შავი ზღვის, ისე ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყანა. უკრაინა და რუსეთი ჩვენი მეგობრები და მეზობლები არიან. ვწუხვართ, რომ ჩვენს მეზობლებს შორის კრიზისი ცხელ ომში გადაიზარდა. დაძაბულობა ამ ეტაპამდეც ჩვენ ყველაზე მეტად გვაწუხებდა. ვწუხდით, ვშფოთავდით, არ შეგვიძლია გავამართლოთ აგრესიის აქტი დამოუკიდებელი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი მეზობელია. ვგმობთ არალეგიტიმურ ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, განსაკუთრებით ყირიმის ანექსიას. ჩვენ მკაფიო პოზიციას გამოვხატავდით 2014 წლიდან, ღიად და ყველა პლატფორმიდან ვსაუბრობდით ამაზე. 2014 წელს მთელი მსოფლიო და დასავლეთი რომ ამის წინააღმდეგ გამოსულიყვნენ, შევეჯახებოდით კი დღეს ამ პრობლემას? გეკითხებით. ყირიმის ოკუპაციის დროს დუმდნენ ისინი, ვინც დღეს რაღაცას ამბობს. დღეს ვწუხვართ და გუშინ სხვა რეგიონში იგივე პრობლემა არ გვაწუხებდა? რა მსოფლიოა ეს. სამწუხაროდ, ამ საერთაშორისო თანამეგობრობამ არ გამოიჩინა სათანადო წინდახედულება და არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები ამის აღმოსაფხვრელად. უკრაინა მარტო დარჩა. დღეს ჩვენ ვაწყდებით იმ პროცესის დამანგრეველ და მტკივნეულ შედეგებს, რომლის გადაჭრაც, ძლიერი ნების გამოხატვის შემთხვევაში, დიპლომატიური გზებით შეიძლებოდა“, – განაცხადა ერდოღანმა.