რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ვლადიმერ პუტინზე ჯო ბაიდენის განცხადებები პრეზიდენტისთვის შეუფერებელი და მიუღებელია
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეფასებით, მიუღებელია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებები ვლადიმერ პუტინზე.
მისივე თქმით, ბაიდენის განცხადება პრეზიდენტისთვის შეუფერებელია.
„ბატონი ბაიდენის განცხადებები ბატონ პუტინთან დაკავშირებით პრეზიდენტისთვის შეუფერებელია. პრეზიდენტი გამოდის და იყენებს მსგავს შენიშვნებს რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ. ნამდვილად მიუღებელია და ამის ატანა შეუძლებელია. ჩემი აზრით, ბატონმა პუტინმა გააკეთა ის, რაც აუცილებელია, ძალიან, ძალიან ჭკვიანი და ელეგანტური პასუხის გაცემით“, – აღნიშნა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „ეი-ბი-სისთან“ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ლიდერს მკვლელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევის გამო, პუტინს საფასურის გადახდა მოუწევს. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ბაიდენის ამ განცხადებებზე საპასუხოდ, აშშ-ის ლიდერი პირდაპირ ეთერში მოლაპარაკებებზე მიიწვია. პუტინმა ასევე ჯანმრთელობა უსურვა ბაიდენს.