თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უნგრეთში ჩავიდა, სადაც მას უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
მანამდე, ერდოღანი შეხვდა უნგრეთის პრეზიდენტს კატალინ ნოვაკს და მასთან ერთად გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტი თურქეთ-უნგრეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეექვსე შეხვედრის ფარგლებში ხორციელდება.
თურქული მედიის ცნობით, მხარეები გეგმავენ მიმდინარე რეგიონული, გლობალური საკითხების განხილვას, ასევე რამდენიმე შეთანხმების გაფორმებას. კერძოდ, დაგეგმილია სხვადასხვა სფეროში 16 დოკუმენტის ხელმოწერა. ამასთან, თურქეთისა და უნგრეთის ლიდერები თურქულ-უნგრული კულტურის წლის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან. თურქეთი და უნგრეთი ორმხრივი ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავს აღნიშნავენ.