რეჯეფ თაიფ ერდოღანი - უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა არ ნიშნავს, რომ ისინი ევროკავშირის წევრები გახდებიან, პროცესი დაიწყება და მათაც შეაყოვნებენ
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების საკითხს შეაყოვნებს.
მისი თქმით, ანკარა უკვე დიდი ხანია, ელოდება კავშირში გაწევრიანებას, თუმცა პოლიტიკური მიზეზებით ეს არ ხდება.
„მათთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა არ ნიშნავს, რომ ისინი ევროკავშირის წევრები გახდებიან. მათთან პროცესი დაიწყება და მათაც შეაყოვნებენ“, – ამბობს ერდოღანი.
თურქეთის პრეზიდენტის განმარტებით, ანკარა უფრო მეტად არის მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ვიდრე სხვა ქვეყნები, მაგრამ პოლიტიკური დაბრკოლებების გამო, ევროკავშირის კართან დიდი ხანია, უწევს ლოდინი.
ერდოღანი აღნიშნავს, რომ თურქეთის სტრატეგიულმა და ეკონომიკურმა პოტენციალმა დიდი ხანია, მისცა მას ბლოკში გაწევრიანების უფლება, რაც ანკარას განცხადებით, სტრატეგიული მიზანია. ერდოღანმა დასძინა, რომ ამ პროცესში პროგრესი შეიძლება შეინიშნოს უნგრეთის პრეზიდენტობის პერიოდში, რომელთანაც თურქეთს კარგი ურთიერთობა აქვს.