რეჯეფ თაიფ ერდოღანი - უკრაინამ უნდა შეარბილოს მიდგომა რუსეთთან ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისთვის
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - უკრაინამ უნდა შეარბილოს მიდგომა რუსეთთან ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისთვის

უკრაინამ, რა თქმა უნდა, უნდა შეარბილოს მიდგომა რუსეთთან ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისთვის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ერდოღანმა პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, „მარცვლეულის შეთანხმების“ შემოთავაზებული ალტერნატივები არ არის მდგრადი, უსაფრთხო და მუდმივი, ისეთი, როგორიც შავი ზღვის ინიციატივაა.

ერდოღანის თქმით, თურქეთი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს, რომ რუსეთს და უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებები ჰქონდეთ.

„მიგვაჩნია, რომ ინიციატივა უნდა გაგრძელდეს ხარვეზების აღმოფხვრით. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ძალისხმევა ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის დასამყარებლად. ჩვენ გაერო-სთან ერთად მოვამზადეთ წინადადებების ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან პროგრესს. მე მჯერა, რომ ამ ახალი პროცესით შედეგის მიღწევა შესაძლებელია. უკრაინამ, რა თქმა უნდა, უნდა შეარბილოს მიდგომა რუსეთთან ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისთვის“, – თქვა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

უკრაინის გარდა, პუტინმა და ერდოღანმა კავკასიაში, ლიბიასა და აფრიკაში არსებული ვითარება განიხილეს.

ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა სოჭში გაიმართა.