რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქი ხალხი დასავლეთს 14 მაისის არჩევნებზე გასცემს პასუხს
თურქი ხალხი დასავლეთს პასუხს 14 მაისის არჩევნებზე გასცემს, – ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა. ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
სატელევიზიო ინტერვიუში ერდოღანმა ისაუბრა ემანუელ მაკრონის მიერ ჩინეთში ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „აშშ-თან ალიანსი არ ნიშნავს, რომ საფრანგეთი ვაშინგტონის ვასალია“.
„დასავლეთს აქვს გეგმები თურქეთთან დაკავშირებით. თქვენ ახლა ხედავთ სიტუაციას საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გარშემო. რა ხდება მაკრონის ჩინეთში მოგზაურობის კულისებში? რა სიტუაციაა საფრანგეთის და აშშ-ის ურთიერთობებში? რატომ ჩავიდა მაკრონი ჩინეთში?“ – განაცხადა ერდოღანმა.
ინტერვიუში ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი მის წინააღმდეგაა და დაამატა, რომ თურქი ხალხი დასავლეთს საჭირო პასუხს 14 მაისს დანიშნულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე გასცემს.
„თურქი ხალხი დასავლეთს პასუხს არჩევნებზე გასცემს. ქვეყანა არ უყურებს იმას, რასაც დასავლეთში ტერორიზმთან ბრძოლისას და ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისას ამბობენ“, – განაცხადა ერდოღანმა.