რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთს სამართლიანობის დამკვიდრება სურს და სირიაში ტერიტორიის დაპყრობის განზრახვა არ აქვს
თურქეთი თავის საზღვრებთან „თამაშებს ჩაშლის“ და ეს სირიის მანბიჯის რეგიონიდან დაიწყება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთს სამართლიანობის დამკვიდრება სურს და სირიაში ტერიტორიის დაპყრობის განზრახვა არ აქვს.
„მე ეჭვი მეპარება იმ ადამიანების ჰუმანურობაში, რომლებიც ქურთების „სახალხო დაცვის შენაერთს“ უჭერენ მხარს და თურქეთს დამპყრობელს უწოდებენ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანმა სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ორივე მხარის დანაკარგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნეიტრალიზებულია 268 ტერორისტი, თურქეთის არმიასა და მის მოკავშირე „თავისუფალი სირიის არმიას“ კი რვა ჯარისკაცი დაეღუპა.
თურქეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს სირიაში ქურთების წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა. თურქეთის სამხედრო ოპერაცია აფრინისა და აზაზის რეგიონებში მეხუთე დღეა მიმდინარეობს. ქურთი სამხედროების მიერ კონტროლირებული რეგიონი მანბიჯი კი აფრინიდან 100 კილომეტრში მდებარეობს.