რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთმა შესაძლოა, დაიწყოს მუშაობა სომხეთთან ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზაციისთვის, თუ ერევანი ცალმხრივი ბრალდების პოლიტიკაზე უარს იტყვის
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთმა შესაძლოა, დაიწყოს მუშაობა სომხეთთან ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზაციისთვის, თუ ერევანი ცალმხრივი ბრალდების პოლიტიკაზე უარს იტყვის

თურქეთმა შესაძლოა, დაიწყოს მუშაობა სომხეთთან ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზაციისთვის, თუ ერევანი ცალმხრივი ბრალდების პოლიტიკაზე უარს იტყვის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, რეგიონში ახალი და კონსტრუქციული მიდგომებია საჭირო. თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მაშინაც კი, თუ არსებობს განსხვავებები შეხედულებებსა და მოლოდინში, საპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნება გულწრფელი ძალისხმევის გამოვლენა ნდობაზე დაფუძნებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებისთვის, მათ შორის ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით.

ერდოღანის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის ბევრი ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება, თუკი მთელი რეგიონი იქნება დაკავშირებული, როგორც ეს მოცემულია 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ დეკლარაციაში. ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მოწოდება რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის შესაქმნელად, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთს.

„თუ ეს პლატფორმა დამტკიცდება, მჯერა, რომ მთელი რეგიონი იგრძნობს შვებას იმ რკინიგზებისა და გზების გამო, რომლებიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.