რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ანკარას სტრატეგიულ მიზნად რჩება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ანკარას სტრატეგიულ მიზნად რჩება

თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ანკარას სტრატეგიულ მიზნად რჩება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბულგარეთის ქალაქ ვარნაში თურქეთ-ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„არსებობს საკითხები, რომლებიც მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა. დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ გზას ვაგრძელებთ და არ მივცემთ მოქმედების საშუალება მათ, ვინც ჩვენს გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ეს ჩვენი სტრატეგიული მიზანია“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერმა ბრიუსელს მოუწოდა, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელოვნური პოლიტიკური ბარიერები აიღოს და არ მიმართოს ორმაგ სტანდარტებს.

„ჩვენ (ევროკავშირში გასაწევრიანებლად) ყველა პუნქტს ვასრულებთ, რომლებზეც შევთანხმდით“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქული მედიის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი ბულგარეთში ვიდეომასალებით ჩავიდა, რომლებიც, მისი თქმით, ამტკიცებს, რომ ევროკავშირი ტერორისტებს მფარველობს. ერდოღანი გეგმავს, რომ აღნიშნული მასალა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერსა და ევროკავშირის თავმჯდომარე ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს ბოუკო ბორისოვს წარუდგინოს. ერდოღანის მტკიცებით, ეს კადრები ადასტურებს, რომ ევროკავშირი თავშესაფარს ანიჭებს ტერორისტებს, რომლებიც ქურთულ ორგანიზაციებთან და აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელთან ფეთჰულა გიულენთან არიან დაკავშირებულები.

თურქეთს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ოფიციალური სტატუსი გააჩნია, თუმცა 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების ჩახშობის შემდეგ, ბრიუსელმა ანკარასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა.

ამასთან, ევროკავშირმა უარი თქვა თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, ვიდრე ის ამისთვის წაყენებულ ყველა კრიტერიუმს არ დააკმაყოფილებს.