რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი ყველა ღონეს იყენებს უკრაინაში ომის შესაჩერებლად
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი ყველა ღონეს იყენებს უკრაინაში ომის შესაჩერებლად

თურქეთი ყველა ღონეს იყენებს უკრაინაში ომის შესაჩერებლად, – აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბრიუსელში, ნატო-ს საგანგებო სამიტის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი დიპლომატიურ კონტაქტზე იმყოფება ორივე მხარესთან, განიხილავს ყველა წინადადებას და მხარს უჭერს მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ ყველა ინიციატივას.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევის მთავარი პრინციპი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტია და ყველა მოლაპარაკება სწორედ ამ პრინციპების ფარგლებში უნდა წარიმართოს.

„თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 2014 წლიდან ჩვენი ქვეყანა სრულ მხარდაჭერას უწევს უკრაინის ხალხსა და მთავრობას. ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის ოკუპაციას და ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს პოზიციას ყოველ ჯერზე. თურქული დიპლომატიის უპირველესი ამოცანა საომარი მოქმედებების შეჩერებაა. უკრაინაში მშვიდობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ფორმულის მიხედვით, რომელიც მოერგება ორ ქვეყანას და მსოფლიო საზოგადოებას”, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ევროატლანტიკურმა კავშირმა ადეკვატურად უნდა იმოქმედოს წარმოქმნილი საფრთხეების მიმართ, აქ საჭიროა რეალური და სტრატეგიული მიდგომა.

„ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველა ქვეყანა ჩავაყენოთ საქმის კურსში, რომ ნატო-ს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, ჩვენ არავის არ ვემუქრებით. ჩვენი ძალისხმევა ემსახურება მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველყოფას. თურქეთი ერთგულია ალიანსის პრინციპების მიმართ და ამის დემონსტრირებას ახდენს საქმით და არა სიტყვით. ჩვენმა სამხედრო ინდუსტრიამ მიაღწია თვისობრივად ახალ დონეს, რაც აჩვენებს სამხედრო შესაძლებლობების გაფართოებას. დროა, მოიხსნას შეზღუდვები ჩვენს სამხედრო ინდუსტრიაზე, რომელიც დაწესებულია ჩვენი ზოგიერთი პარტნიორის მიერ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

ერდოღანი მიიჩნევს, რომ გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოს, სერიოზული რეფორმები სჭირდება.

„სამხედრო კონფლიქტები სირიაში, ლიბიაში, იემენში და ახლა უკრაინაში კიდევ ერთხელ მოწმობს მსოფლიო წესრიგის, საერთაშორისო სამართლის სისუსტესა და არაეფექტურობას. ეს ყველაზე მეტად იგრძნობა გაერო-ში, ორგანიზაციაში, რომელიც თვალყურს უნდა ადევნებდეს ამას. გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა, მათ შორის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სჭირდება სერიოზული რეფორმა“, – განაცხადა ერდოღანმა.