რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი ყველა დონეზე, ყველა პლატფორმაზე ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი ყველა დონეზე, ყველა პლატფორმაზე ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით,თურქეთი ყველა დონეზე, ყველა პლატფორმაზე ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

„ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი დიდი სურვილია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციას“, – განაცხადა ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

გარდა ამისა, ერდოღანმა ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილთან როგორც პირისპირ, ისე დელეგაციებს შორის შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან სავაჭრო პარტნიორულ ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ თურქეთი უკვე 14 წელია, საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია.

მისივე განმარტებით, 2020 წელს სავაჭრო მოცულობაში მცირედი კლება იყო, თუმცა მიზანია, უმოკლეს დროში მაჩვენებელი სამ მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს.

„ბატონი პრემიერ-მინისტრი თურქეთში უკვე იმყოფებოდა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორც თავდაცვის მინისტრი. ამიტომ ის არის ლიდერი, რომელიც კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას. წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ანკარაში გაიხსნა ასი წლის წინ, თან არის საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავი.

ბატონ პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვანი საკითხები პირისპირ და შემდგომ უკვე ჩვენს დელეგაციებს შორის შეხვედრები გაიმართა. თურქეთი უკვე 14 წელია, არის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსი. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს მცირედი კლება იყო ჩვენს სავაჭრო მოცულობაში, ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ უმოკლეს დროში მოცულობის მაჩვენებელი სამ მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ.

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფართოების მიმართულებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კონსულტაციები. ამასთან, მტკიცედ ვმუშაობთ ჩვენი სავაჭრო პოტენციალის გაზრდისთვის და ამ მიმართულებით საბაჟო საქმიანობის გაფართოებაზე. როგორც ენერგეტიკის, ასევე ყველა სხვა სფეროში არის თურქული ინვესტიციები საქართველოში, რომელიც 214 მილიონი დოლარია. ჩვენ საქართველოსთან გვაქვს დიდი, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელებული, ისეთი პროექტები, რომელიც მთლიანად რეგიონს უცვლის სახეს. ერთ-ერთი ასეთი არის სტრატეგიული პროექტი, სამხრეთ გაზის დერეფანი, რომელზეც ჩვენ უკვე შევქმენით ეს პლატფორმა. დამაკავშირებელი მექანიზმების, სხვადასხვა დერეფნის და კომბინირებული დერეფნების საშუალებით მრავალმხრივი თანამშრომლობა გვაქვს წამოწყებული.

ამის ფარგლებში უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ განვახორციელეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი, რომელიც თურქეთის გავლით კავკასიიდან და კასპიის ზღვიდან ჩინეთთან გვაკავშირებს. აბრეშუმის გზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ტვირთების გადაზიდვას ახდენს როგორც ჩვენი ქვეყნიდან, ასევე რუსეთიდანაც. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე, თუ როგორ უნდა გავზარდოთ სარკინიგზო მაგისტრალი მარმარაის გვირაბის გამოყენების საშუალებით. ასევე, განვიხილეთ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები და განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნეთ ფეტო-ს ტერორისტულ ორგანიზაციასთან ბრძოლის საკითხი“, – განაცხადა ერდოღანმა.