რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი შავი ზღვის მარაგებიდან ბუნებრივი აირის წლიური საჭიროების თითქმის 30%-ს დააკმაყოფილებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი შავი ზღვის მარაგებიდან ბუნებრივი აირის წლიური საჭიროების თითქმის 30%-ს დააკმაყოფილებს

თურქეთი შავი ზღვის მარაგებიდან ბუნებრივი აირის წლიური საჭიროების თითქმის 30%-ს დააკმაყოფილებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ისტორიულ ნაბიჯს დგამს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ.

„შავი ზღვის ბუნებრივი აირი არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შეამცირებს ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულებას უცხოურ ბუნებრივ აირზე, არამედ აქცევს ფილოსსა და ზონგულდაკს მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ცენტრად“, – განაცხადა ერდოღანმა შავი ზღვის ქალაქ ზონგულდაკში ვიზიტისას.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ერთი წლის განმავლობაში საყოფაცხოვრებო გაზის გადასახადებიდან თვეში თითქმის 25 კუბური მეტრის გაზის გადასახადი ჩამოიჭრება, ხოლო საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირის მოხმარება ერთი თვის განმავლობაში უფასო იქნება.

როგორც მედია იუწყება, 2020 წლის აგვისტოში, შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის საბადო ქვეყნის ისტორიაში უმსხვილესია. მედია ასევე წერს, რომ ქვეყნის ბუნებრივი აირის მთლიანი მარაგები 710 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს, რომლის საბაზრო ღირებულება ერთი ტრილიონი დოლარია.