რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი მოუწოდებს ისრაელსა და პალესტინას, იმოქმედონ თავშეკავებით ისრაელში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით
თურქეთი მოუწოდებს ისრაელსა და პალესტინას, იმოქმედონ თავშეკავებით ისრაელში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, იმოქმედონ თავშეკავებით ისრაელში დღეს დილით განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით და თავი შეიკავონ იმპულსური ნაბიჯებისგან, რომლებიც დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თურქეთი ცდილობს, გადაჭრას თავისი პრობლემები რეგიონის ყველა ქვეყანასთან დიპლომატიისა და დიალოგის გზით.
„რეგიონში სისხლისღვრის შეჩერება ჩვენი პრიორიტეტია. ამის მიღწევის გზა სამართლიანობისა და საერთაშორისო სამართლის დაცვაა“, – განაცხადა ერდოღანმა.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. მედიის ცნობით, ტერორისტული ჯგუფის, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოებში ამ დროისთვის 908 დაშავებულია გადაყვანილი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.